ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
მცოხნავ პირუტყვთა პასტერელოზის და კლოსტრიდიოზების საწინააღმდეგო ასოცირებული პოლივალენტური, ინაქტივირებული ვაქცინა.
შემადგენლობა: ვაქცინა არის ფორმალინით ინაქტივირებული ანატოქსინების, Clostridium და Mannheimia (Pasteurella) ბაქტერიების კულტურების ნარევი.
ვაქცინის 1 სმ3-ში (1 დოზა 1-6 თვის ასაკის ბატკნებისთვის, 0,5 დოზა – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის, ზრდასრული ცხვრებისა და 6 თვეზე მეტი ასაკის ბატკნებისთვის) შედის შემდეგი რაოდენობების კულტურები: შტამი Mannheimia (Pasteurella) haemolytica КМИЭВ-В 158 – 3 მილიარდი მიკრობული უჯრედი, შტამი Clostridium perfringens ტიპი C № 3 – 1500 DLM (მინიმალური ლეტალური დოზა), შტამი Clostridium perfringens ტიპი D № 213 –1500 DLM, შტამი Clostridium oedematiens № 34 – 2000 DLM, შტამი Clostridium haemolyticum № 138 –1000 DLM, შტამი Clostridium septicum № 1098+ –2 მილიარდი, შტამი Clostridium chauvoei R15 – 8 მილიარდი მიკრობული უჯრედი, შტამი Clostridium sordellii № 3 – 4 მილიარდი მიკრობული უჯრედი, დამატებულია ადიუვანტი – 6% ალუმინის ჰიდროქსიდი, ვაქცინის მოცულობის 20%-ის ოდენობით.
გარეგნულად ვაქცინა არის ყავისფრიდან რუხამდე ფერის გამჭვირვალე ან სუსტად ოპალესცირებადი სითხე, ფაშარი ნალექით, რომელიც შენჯღრევისას ადვილად იშლება და ერთგვაროვან მასას წარმოქმნის.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ვეტერინარული მოხმარების იმუნობიოლოგიური სამკურნალო საშუალებები. ცხვრებისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის ორჯერადი შეყვანიდან 10-12 დღის შემდეგ ვაქცინა იწვევს პასტერელოზისა და კლოსტრიდიოზების გამომწვევების საწინააღმდეგო იმუნური პასუხის ფორმირებას, რომლის ხანგრძლივობა 12 თვეზე ნაკლები არ არის.
გამოყენების წესი: ვაქცინა განკუთვნილია მსხვ.რქ.პირუტყვის და ცხვრების პასტერელოზის, ბრადზოტის, ანაერობული ენტეროტოქსემიის, ცხვრების ავთვისებიანი შეშუპების, ბატკნების დიზენტერიის, მსხვილფეხა პირუტყვის ემფიზემატოზური კარბუნკულის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური და იძულებითი იმუნიზაციისთვის მოცემული დაავადებების საფრთხის წინაშე მყოფ და არაკეთილსაიმედო მეურნეობებში.
ვაქცინაციას ექვემდებარება კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველები:
– 3 თვიდან 4 წლამდე ასაკის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი;
– 34 დღიდან 6 თვის ასაკამდე ბატკნები;
– 6 თვეზე მეტი ასაკის ბატკნები და ცხვრები საძოვრის სეზონისა და საშემოდგომო გადარეკვის დაწყებამდე 30-45 დღით ადრე;
– მაკე ცხოველები ხბოს/ბატკნის მოგებამდე 1,5-2 თვით ადრე.
ვაქცინა შეყავთ კუნთში: მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს უკეთებენ გავის ნაწილში, ცხვრებს – ბარძაყის კუნთში უმატყლო მხარის შიდა ზედაპირზე, ორჯერადად, 28-35 დღის ინტერვალით.
ცხოველი | პირველადი | მეორადი |
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი 3 თვის ასაკიდან,
ზრდასრული ცხვრები და ბატკნები 6 თვის ასაკიდან |
2,0 სმ3 | 2,0 სმ3 |
34 დღიდან 6 თვემდე ასაკის ბატკნები | 1,0 სმ3 | 1,0 სმ3 |
რევაქცინაციას ატარებენ 12 თვის შემდეგ ერთჯერადად, ვაქცინის ერთი დოზით.
მეურნეობაში აღნიშნული დაავადებების გამოვლენისას ატარებენ ცხვრების მთელი სულადობის იძულებით ვაქცინაციას. ამასთან ერთად, ინტერვალი ვაქცინის ინექციებს შორის შეიძლება 12-14 დღემდე შემცირდეს. სტაციონარულად არაკეთილსაიმედო მეურნეობებში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ცხვრების რევაქცინაცია ყოველ 6 თვეში ერთხელ ტარდება.
გამოყენების წინ და ვაქცინაციის პროცესში ვაქცინას 30 წუთის განმავლობაში ათბობენ წყლის აბაზანაში 36-37°C ტემპერატურამდე და საგულდაგულოდ ანჯღრევენ ერთგვაროვანი მასის წარმოქმნამდე.
ვაქცინა შეჰყავთ ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესების დაცვით, იყენებენ სტერილურ მასალებსა და ინსტრუმენტებს.
გვერდითი მოვლენები და გართულებები, როგორც წესი, არ აღინიშნება. ვაქცინის შეყვანის შემდეგ ცხოველთა ნაწილში, შესაძლოა, ტემპერატურის ხანმოკლე მომატება 0,5°C-1,0°C-ით და იმ კიდურით კოჭლობა, რომელშიც ვაქცინა შეიყვანეს, რაც სამკურნალო ჩარევის გარეშე გაივლის 3-4 დღეში.
უკუჩვენება: აკრძალულია შემდეგი ცხოველების ვაქცინაცია:
– კლინიკურად ავადმყოფი და დაუძლურებული ცხოველების;
– გაპარსვამდე და ქირურგიულ ოპერაციებამდე ორი კვირით ადრე და მათ შემდეგ ორი კვირის განმავლობაში;
- ცხოველების ვაქცინაცია მაკეობის / ნერბობის ბოლო თვეში და ხბოს/ბატკნის მოგებიდან 10 დღის განმავლობაში.
- აკრძალულია ვაქცინის გამოყენება სხვა იმუნობიოლოგიურ პრეპარატებთან ერთდროულად, ასევე, დეჰელმინთიზაციამდე 7 დღის და მის შემდეგ 14 დღის განმავლობაში.
დაყოვნების პერიოდი: ვაქცინირებული ცხოველებიდან მიღებული დაკვლის პროდუქტების გამოყენება 21 დღის შემდეგ არის შესაძლებელი, რძე შეზღუდვების გარეშე გამოიყენება.
შენახვის პირობები: ვაქცინას ინახავენ სინათლისგან დაცულ ადგილას 2°C-დან 15°C-მდე ტემპერატურის პირობებში და ამავე პირობებში ხდება მისი ტრანსპორტირება.
ვაქცინა უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილებში.
ვარგისიანობის ვადა: შენახვისა და ტრანსპორტირების პირობების დაცვის შემთხვევაში შეადგენს 18 თვეს დამზადების დღიდან. ფლაკონის პირველად გახსნის შემდეგ ვაქცინა აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული 12 საათის განმავლობაში.
გამოშვების ფორმა: 100 სმ3 (50 დოზა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის და ცხვრების, 100 დოზა – 34 დღიდან 6 თვემდე ასაკის ბატკნებისთვის),შესაბამისი ტევადობების, სტერილურ, მინის ან პოლიმერულ ფლაკონებში, რომლებიც ჰერმეტულად არის თავდახურული რეზინის საცობებით და დარჩილულია ალუმინის ხუფებით.